strings.skip_to_content

ბორჯომი ცნობილია მისი ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლებით, მარადმწვანე ტყეებითა და პარკებით. ნაძვისა და ჭადრის ხეივნებში გახვეული ქუჩები, მყუდრო ატმოსფერო და მთებით გარშემორტყმული ქალაქი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ეკო-ტურიზმის მოყვარულებს მის მშვენიერ ბუნებაში მასპინძლობს.

თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველდღე, თბილისის ცენტრალური სადგურის მოედნიდან.

ბილეთის ღირებულება: 2₾

მატარებლის # დანიშნულება გასვლა ჩასვლა
685/686 თბილისი- ბორჯომი 18:20 22:37
685/686 თბილისი- ბორჯომი 5:50 10:11

ქალაქი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთში, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ, უმეტესად წიწვოვან კალთებზე მდებარეობს.

გამორჩეული ჰავა, ბუნება, სამკურნალო წყლები და კლიმატი განაპირობებს ბორჯომის, როგორც ბალნეოლოგიური, კლიმატური და ეკოლოგიური კურორტის პოპულარობას.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი უდიდესია ევროპაში,

იგი 61,235 ჰექტარზეა გადაჭიმული. მშვენიერმა ბუნებამ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატმა და რაც მთავარია, მინერალურმა წყლებმა, ბორჯომი, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად აქცია.

თანამედროვე ბორჯომი დამსვენებლებს კომფორტულ სასტუმროებს, გასართობ პარკებს, სამკურნალო-გამაჯანსაღებელ აბაზანებსა და ეკო-ტურებს სთავაზობს.

ბორჯომის ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება. ამ პერიოდიდან შემორჩა ორი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, “გოგიასა” და “პეტრეს” ციხეები. ძველი ქართული ლეგენდის თანახმად, სიტყვა ბორჯომი ორი სიტყვისაგან – “ბორჯ”(მყარი კედელი) და “ომი” (ომი) შედგება. ხშირი ომიანობის დროს ბორჯომს მისი ხელსაყრელი მდებარეობა, ხეობაში ციხე-სიმაგრესავით იცავდა. ხეობის ფერდობებზე კი აშენებული იყო სათვალთვალო კოშკები.

XIX-XX საუკუნეებში ქალაქი რუსეთის სამეფო ოჯახის ფავორიტ ელიტურ კურორტად იქცა. ქალაქის გენერალური გეგმა მე-19 საუკუნის ბოლოს, პრინცი რომანოვის ბრძანებით შემუშავდა, რამაც შესაძლებელი გახადა ქალაქის ქაოტური განვითარების რეგულირება. ბორჯომი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. XX საუკუნის მეორე ნახევარში ყოველწლიურად მისი 15 სანატორიუმი 80 000 ვიზიტორს მასპინძლობდა.

ბორჯომში დასვენება გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე შეგიძლიათ. ბორჯომის პარკი და ატრაქციონები ტრადიციულად 1 ივნისს იხსნება.

თუკი მთისა და თოვლის კურორტების მოყვარული ხართ, ბორჯომს ზამთარში შეგიძლიათ ესტუმროთ. აქედან 7 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი.

ბორჯომის ღირსშესანიშნაობები

რა ვნახოთ ბორჯომში?

ბორჯომის არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მეტად მრავალფეროვანია. ქალაქში ვხვდებით XIX-XX საუკუნის შენობებს, ქვის ფასადებსა და ხის აივნებს, აღმოსავლური ინტერიერისთვის დამახასიათებელ ნიშნებსა და ნეორენესანსის სტილში გადაწყვეტილ სასახლეებს.

ბორჯომის ულამაზეს ხეობაში ქალაქის ისტორიულ ციხეებსა და ქრისტიანულ ტაძრებს მოინახულებთ, გაუყვებით სალაშქრო ბილიკებს და ხეობის თვალუწვდენელი ხედებით დატკბებით.

ბორჯომის გოგირდის აუზები

გოგირდის აუზამდე, ბორჯომის პარკის გავლით, მდ. ბორომულას გასწვრივ, ბილიკი მიგიყვანთ. აუზის საშუალო ტემპერატურა 32-38° გრადუსია.გოგირდის აუზს სტუმრობენ როგორც მკურნალობის მიზნით, ასევე დასასვენებლად. აქვეა გასახდელები და საშხაპეები. სტუმრებისთვის ტერიტორია კეთილმოწყობილია.

პეტრეს ციხე

პეტრეს ციხე ბორჯომში, ლიკანის მოპირდაპირე მხარეს, კლდოვან ფერდობზე მდებარეობს. ნაგებობა შუა საუკუნეებით თარიღდება. შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების ნაშთები - ხაროებისა და მარნის ნაშთი, გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები.

ბორჯომის მუზეუმი

ბორჯომის მუზეუმი განათავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის, რომანოვების, კანცელარიის შენობაში. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალა, მზის ღვთაებასთან დაკავშირებული დისკოები, ბრინჯაოს ბალთები, და სხვ.; რომანოვების საიმპერატორო ოჯახის პირადი ნივთები - გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდებარეობს. მონასტრამდე ტყით დაფარულ გზასა და კამკამა მთის მდინარის სანაპიროს მიუყვებით. მონასტრამდე მიდის სამანქანო გზაც.

რომანოვების სასახლე

რომანოვების სასახლე მეცხრამეტე საუკუნეში, ლიკანში ააგეს. სასახლეში დაცულია ნაპოლეონის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი და სხვა ანტიკვარული ნივთები. მოწყობილია ბილიარდისა და ე.წ. პეპლების ოთახი, რომანოვის კაბინეტი და სხვა.

პრომეთეს ძეგლი და ჩანჩქერი

პრომეთეს ძეგლი ბორჯომის პარკში, კლდოვანი ფერდობის ძირში მდებარეობს, საიდანაც ქანდაკების ორივე მხარეს ჩანჩქერი ჩამოედინება. ჩანჩქერებთან მოწყობილია სკამები, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ, დაისვენოთ და ფოტოები გადაიღოთ.

წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი

ბორჯომის პლატოზე, ტყეში წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი და მისი კელიის ასლია აშენებული. იგი სწორედ აქ მოღვაწეობდა და აღესრულა. მონასტერი დღემდე მომლოცველთა სიმრავლით გამოირჩევა. პლატოდან ქალაქისა და პარკის უმშვენიერესი ხედი იშლება.

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი

ბორჯომიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი. ზამთარში ბაკურიანში ჩასულ სტუმრებს შეუძლიათ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობებითა და ატრაქციონებით დაკავდნენ, გაზაფხულსა და ზაფხულში კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაისვენონ.

ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი

ბორჯომის ბუნებრივი რესურსები, მინერალური და გოგირდოვანი წყაროები, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეები და ჰავა ქალაქის სამკურნალო ფაქტორებია.

ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის, თერმულ-მინერალური წყლებია. ბორჯომის წყალი გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულებისა თუ სპეციალური გამაჯანსაღებელი პროცედურებისათვის. ისტორიული პარკის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოწყობილია სპეციალური წყაროები, საიდანაც წყალი ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით ზედაპირზე თბილი სახით ამოდის.

პარკში გახსნილია გოგირდოვანი წყლის აუზები, რომელსაც სამკურნალოდ ან უბრალოდ განსატვირთად და დასასვენებლად სტუმრობენ. წყლის ტემპერატურა 38 გრადუსამდე აღწევს, ამიტომ მასში ბანაობა ზამთარშიც შეიძლება.

გვიან გაზაფხულზე ბორჯომში სტუმრობა საუკეთესოა იმუნიტეტის აღსადგენად. მაისის პირველ ნახევარში ფიჭვისა და ნაძვის ყვავილობა და დამტვერვა იწყება და მის ბოლომდე გრძელდება. წიწვოვანი ხეების ყვითელი მტვერი მთელი ქალაქის თავზე ვრცელდება. მტვერი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემებისათვის.